ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა
ცხოვრების მიმნიჭებელი!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
წმიდა იოანე ოქროპირი
სააღდგომოდ
რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი,
იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი,
შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა,
მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან,
მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით
დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი
დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის
ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ
დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე.
შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა
მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს,
და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს. საქმეთა
მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს,
და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა, რათა მდიდარნი და გლახაკნი
ურთიერთას იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ,
რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ,
რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი. ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ
წარვალს მშიერი. ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა; ყოველთავე მიიღეთ
სიმდიდრე სიტკბოებისა. ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის
სასუფეველი. ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა
საფლავით. ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ
სიკვდილმან მაცხოვრისამან, და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან.
წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა. განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა. და
ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა.
განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ
მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა. მოხუნა ხორცნი და
ღმერთი იხილა. შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი. მიიღო ხილული და დასცა
უხილავი. სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი.
აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და
ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა
შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს
დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ცვლილებები ლოცვებში
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება
ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად
იკითხება
წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების
შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (სამ გზის)
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს,
მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ
ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ
ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი,
თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა
მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და
ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა
სიკვდილი განაქარვა. (სამ გზის)
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული,
და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა
თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი და ყოველსა
სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან, და აღჰსდგა დიდებით,
ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი
დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა
ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.
საფლავად ხორცითა შეჰხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის
თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე
აღავსებ გარეშემოუწერელო, უფალო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ
შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღჰსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა
ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი ვითარცა წყაროი ჩუენისა
აღდგომისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეგარდმო განწმედილ იქმენ ღმრთისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ
მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით,
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლად უბიწოო დედუფალო.
უფალო შეგვიწყალენ (40-ჯერ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა
სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა
გალობით გადიდებდეთ.
უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა
დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა,
შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ
„პარაკლისი
აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის,
ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში“ და „დაუჯდომელი ქრისტეს აღდგომისა“.
ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების,
დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის
მომდევნო პირველი კვირა დღიდან).
მუხლთადრეკა განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან
(აღდგომიდან 50-ე დღეს).

ქრისტეშობა
ტროპარი:
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი
მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს
თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად,
უფალო დიდება შენდა.
|
 |
კონდაკი:
ქალწული დღეს არსებად
უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ,
ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი
ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ
საუკუნეთა ღმერთი. |
დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან
განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:
- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.
მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით
დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.
ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა
დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ.
და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.
ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ
ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ
ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს
იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.
გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ,
ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი,
განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით
იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს
საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ
განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი
სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით
გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო
ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი,
რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:
-
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს
აფარებდნენ.
„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ
დაცინვის საბაბიც ხდება ეს:
- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!
საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი
ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა
საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის
ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო
დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ
ბრწყინვალებას.
წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ
ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი.
განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ
გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას,
გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა
შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!
ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!
მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)
საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ: ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული ქერუბიმთა,
ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი დაუტევნელი,
რომელსა ვუგალობთ. |
ქრისტე იშვება: ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად!
ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! და ვეტყვი
ორთავეს: იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქუეყანა: ჯერ ზეციურისთვის, შემდეგ
ქვეყნიურისთვის!.. ქრისტე ქალწულისაგან...
მოვალს მელქისედეკი; შობილი უდედოდ, იშვება უმამოდ, - პირველ
უდედოდ, მერმე უმამოდ. ირღვევა კანონი ბუნებისა. ქრისტე უბრძანებს, ნუ
შევეწინააღმდეგებით. უხორცო ხორცს შეისხამს, სიტყვა მყარი იქმნება, უხილავი საჩინო
ხდება, შეუხებელი - შესახები, ძველი დღეთა (ანუ დაუსაბამო) დასაბამს იღებს. ძე
ღვთისა ძე კაცისა ხდება. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა.
დე იუდეველები ცთუნდებოდნენ, წარმართნი ეცინოდნენ, მწვალებელნი
ენაბრგვილობდნენ! მაშინღა ირწუნებენ, ოდეს იხილავენ ზეცად აღმავალს, თუ მაშინ არა,
უეჭველად მაშინ, როდესაც იხილავენ ზეციდან გარდამომავალს და დამჯდარს განსჯად
ცოცხალთა და მკვდართა. მაგრამ ეს შემდგომ იქნება, აწ კი დღესასწაულია
ღვთისგანცხადებისა ანუ შობისა და ეს ორი სახელი აქვს ამ დღეს, რამეთუ შობის მიერ და
ასეც იწოდება ეს დღე ღმერთი გამოგვეცხადა კაცთა... რათა მას, რომელმაც მოგვანიჭა
ყოფიერება, მოენიჭებინა კეთილყოფიერებაც.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღვთის ძის განკაცებამ საფუძვლიანად შეცვალა ქვეყანა უკეთესობისკენ: მან
ახლებური აზროვნების საშუალება მისცა ადამიანებს, გააკეთილშობილა მათი
ზნეობრივი მხარეები, ახალ კალაპოტში მიმართა მსოფლიო მოვლენები. ღვთის სიტყვის
განკაცებამ ცოდვასთან ბრძოლის ძალა მისცა ადამიანებს, შეარიგა ისინი ღმერთთან,
ხწრნად ადამიანურ სხეულში ღვთაებრივი სიცოცხლის ნაკადი შევიდა და ადამიანი
მარადიული სიცოცხლის თანაზიარი გახადა. ამ მიზეზთა გამო, მაცხოვრის შობა
მსფოლიო მოვლენათა ცენტრში მოექცა და მისგან ითვლება წელთაღრიცხვა -
ქრისტეშობამდე და ქრისტეშობის შემდეგ. |
რატომ განკაცდა ღმერთი?
ქრსტიანობა ღმერთის განკაცებაში, ქრიტეს ჯვარსა და აღდგომაში მდგომარეობს,
რომლის საშუალებითაც კაცობრიობა ახლად დაიბადა, ამაღლებისა და ღვთის მსგავსების
აღდგენის საშუალება მიიღო, რომელიც ადამიანებს ცოდვით დაცემის გამო დაკარგული
გვქონდა. რამდენადაც ცოდვიანობის გამო ჩვენს ღმერთთან ერთობა აღარ შეგვიძლია,
ვინაიდან არ შეიძლება არავითარი დაზიანებული და დამახინჯებული ღმერთთან კავშირში
იყოს, ამდენად უფალთან ერთობისათვის, ადამიანის განღმრთობისათვის აუცილებელია
ადამიანის შესაბამისი ბუნების შექმნა. ქრისტემ საშუალება მისცა კაცობრიობას,
თითოეული ადამიანს, თავის თავში აღედგინა ამგვარი ბუნება. ღმერთის განკაცება მისი
ადამიანისადმი გმოავლენილი განუზომელი სიყვარულის შედეგია. უმაღლესი
საღვთისმეტყველო ფორმულა ამბობს: „ღმერთია თავად სიყვარული“. სიყვარული ნიშნავს,
ისე მიიღო იმის სიხარული და უბედურება, როგორც საკუთარი. ნამდვილი სიყვარული
საყვარელ არსებასთან გაიგივებისკენ გიბიძგებს. სიყვარულის უმაღლესი ფორმულა
განსაზღვრავს: „არ არის იმაზე მეტი სიყვარული, ვიდრე დადო სული შენი
მეგობრებისთვის“. ღმერთის სიყვარულმა არა მარტო შექმნა სამყარო, არა მარტო
თავისუფლება მიანიჭა ადამიანს, არა მარტო მცნებებს, წინასწარმეტყველბს, და სიბრძნეს
გვაძლევდა, სიყვარულმა მას არა მარტო ადამიანის სახე მიაღებინა, არამედ თავად გახდა
სრული ადამიანი. ღმერთმა უკვე ჩაიდინა ყველაზე წარმოუდგენელი რამ ადამიანის
გონებისთვის, მან გადმოლახა თავისი მარადიულობის ზღუბრბლი და შემოვიდა დროის
მდინარებაში, მან, რომელმაც თავად შექმნა ადამიანი, მისი სიყვარულის გამო დათანხმდა
მიეღო მისგან სილა, შოლტი და ათასგვარი დამცირება. თავისი ნებით, ჩვენდამი უსაზღვრო
სივარულის გამო, მოვიდა ამ ქვეყნად და მსხვერპლად გაიღო თავისი თავი.
ჟურნალი „სამრეკლო“, № 4, 2006 წ.
პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს
თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც
მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ,
გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე
მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან.
ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა
კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე.
მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე.
მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი
ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო
გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.
ბზობა - ბაიაობა
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის
იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს
გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის
ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა,
ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს
მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე
ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით
შესვლის ამბავს.
მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა.
უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ
არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების
უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება,
როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.
ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო
ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და
სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის
მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის
შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო.
მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო
წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა
წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე
ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).
იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის
(ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი:
„ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი
ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).
ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით
შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე,
კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე
ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს
ჩვენსას“.
ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული
გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით
მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.
იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების
საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად
მოქცევისა.
მოამზადა შალვა კეკელიამ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
ბზობა
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.
საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე
მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი.
დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის
ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა
მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი -
ტოტებს ხისას. მარტო დიდები კი არა, პატარა ბავშვებიც განსაკუთრებულ სიხარულს
მოეცვა. ისინი ოსანასა და ვაშას შეძახილით მიეგებნენ მეუფეს ჰურიათას: „ოსანა ძესა
დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა რომელი ხარ მაღალთა
შინა“ (მთ. 21, 9).
მიუხედავად ასეთი საზეიმო შეხვედრისა, მახარებელ ლუკას თქმით, როცა მიუახლოვდა
ქალაქს იესო „სტიროდა მას ზედა“ (ლკ. 19, 41). რას უნდა ნიშნავდეს ძმანო უფლის
ამგვარი მოქმედება? რა ატირებდა მას ერთს, როცა მის ირგვლივ მყოფთ სიხარული
დაუფლებოდათ? ნუთუ მას არ ახარებდა სითბო და პატივისცემა, მასთან შეხვდრისას რომ
გამოჩინეს ურიებმა?
იერუსალიმელნი მართლაც მიეგებნენ იესო ქრისტეს როგორც მეუფეს ისრაელისას. ისინი
შეხვდნენ ქრისტეს, როგორც ქვეყნიურ მბრძანებელს და არა როგორც მესიას. ებრაელნი
ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაბრძანდებოდა რა დავითის ტახტზე, უპირველესად
გაათავისუფლებდა მათ რომაელთა მონობისაგან, შემდეგ კი სხვა ხალხებზეც გააბატონებდა
და აურაცხელ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს მოუტანდა. აი ასეთ მეუფეს ეგებებოდა
იერუსალიმი. რამდენს არ ეცადა უფალი თავისი ქვეყნიური მოღვაწეობისას განეფანტა
ურიებს შორის ეს მცდარი მოსაზრება, მაგრამ ხალხს სხვანაირი მეუფე და მხსნელი არ ვერ
წარმოედგინა. იცოდა ეს უფალმა და კიდეც განიცდიდა. მაშინ, როდესაც ერთნი საზეიმოდ
ეგებებოდნენ ძე ღვთისას როგორც საკუთარ მეუფეს, სხვები - მისი მოწინააღმდეგენი,
მწიგნობრები და ფარისევლები, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ და
ეძებდნენ მარჯვე მომენტს, რომ მოეკლათ> უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე
ხალხი, რომელიც ეხლა ოსანასა და ვაშას შესძახოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ მას
სრულიად მიატოვებდა და მისი მტრების მხარეზე დადგებოდა. იესომ იცოდა, რომ ხალხი
რომელიც საზეიმოდ ეგებებოდა მას მას როგორც მეუფეს ისრაელისას, იგივე მეუფეს
რამოდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სატანჯველად და სასიკვდილოდ გაიმეტებდა.
იესო ქრისტე უფრო შორსაც იხედებოდა: იგი წინასწარ გრძნობდა თუ როგორ
შემოერტყმებოდნენ ებრაელი ხალხის მტრები, - რომაელნი, იერუსალიმს გარს, და როგორ
აქცევდნენ მას ნანგრევებად, რადგან ურიანი ვერ იცნობენ ქრისტეს როგორც მხსნელსა და
მაცხოვარს და გაიმეტებენ მას მოსაკლავად. ამიტომ ამბობდა იგი: „უკეთუმცა გეცნა შენ
დღესა ამას მშვიდობად შენდა. ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა“ (ლკ. 19, 42).
უწყოდა ყოველივე ეს უფალმა და ამიტომ ტიროდა. მიუხედავად საზეიმო შეხვედრისა და
სიხარულისა უფალი ხედავდა ყოველივეს, რაც მათ გულში იმალებოდა. უფალი ამჩნევდა არა
მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა, არამედ იმასაც, რაც იმავე ქალაქში მის
წინააღმდეგ მზადდებოდა და რაც ამ ქალაქს მომავალში ელოდა.
დღეს ჩვენც ვდღესასწაულობთ საყვარელნო, ქრისტე მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით
შებრძანებას, დღეს ჩვენც ვეგებებით მას ბზის ტოტებით, როგორც მხსნელსა და მაცხოვარს
და მოზეიმე იერუსალიმელთა მსგავსად ჩვენც ვუღაღადებთ მას: „ოსანა მაღალთა შინა,
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.
მაგრამ, ალბათ როგორც მოზეიმე იერუსალიმელთ, ზოგიერთს დღესაც ქრისტე ძლევამოსილ
ქვეყნიურ მეუფედ წარმოუდგენია. ბევრი დღესაც უფალს მხოლოდ იმისათვის მიმართავს, რომ
ქვეყნიური სიკეთე გამოსთხოვოს მას. მარტო ქვეყნიურის გამოდევნებამ კი როგორც ვიცით
ურიებს უფრო დიდი სიკეთე - აღთქმული სასუფეველი ღვთისა დააკარგვინა.
ამიტომ გლოცავთ და გევედრებით, საყვარელნო, მივეგებოთ ბზის ტოტებით უფალს
ჩვენსას, როგორც ჩვენს სულიერ მხსნელსა და მაცხოვარს; მივეგებოთ უფალს, როგორც
მომიჭებელს საუკუნო ცხოვრებისას, მართალთათვის რომ არის განმზადებული ზეცას და
ვუგალობოთ საზეიმოდ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა
უფლისათა“.
1984 წ. სვეტიცხოველი

წმინდა ანდრია კრიტელი
სიტყვა ბზობის კვირიაკეს
მოვედით, საყვარელნო, შევეგებოთ ქრისტეს, რომელიც დღეს ბეთანიიდან ბრუნდება და ნებსით
მივალს ჩვენისა ცხოვრებისათვის პატიოსანსა და ნეტარ ვნებაზე. ამჟამად იერუსალიმში
შევალს ის, ვინც ჩვენთვის ზეციდან გარდამოხდა, რათა ჩვენ ქვე მყოფნი თავისთან ერთად
აღვემაღლებინეთ უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა...
და ყოვლისავე სახელისა (ეფეს. 1, 21), და შევალს არა ვითარცა დიდებისმეძიებელი დიდებულებით,
არამედ ჰგიეს მშვიდი და მორჩილი. რა არის კიცვზე დამდაბლებული? მას კი, ქრისტე მაცხოვარს,
რომელი ჰზის ზედა ქერუბინთა, სირცხვილად არ შეურაცხიეს ჯდეს კარაულსა ზედა, ვითარცა
საყდარზე, აღასრულებს რა ნაწინასწარმეტყველებს: იხარე დიდად, სიონის ასულო! აჰა,
შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, ამხედრებული სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის
ნაშიერზე (ზაქარია 9, 9; მათე 21, 5). მოვედით, მობაძავ ვექმნეთ მისდა მისაგებებელად
გამოსულებს, და არა სამოსელსა და ტოტებს დავუფენდეთ გზად, არამედ რამდენადაც შესაძლებელია,
სულითა დამდაბლებულითა და გულითა მართლითა, თვით თავთა შორის თვისთა მივიღებდეთ ლოგოსსა
მომავალსა და დავიტევდეთ დაუტევნელსა ღმერთსა. ეს სათნოა მისთვის, რომელიც ჩვენთვის
გარდამოხდა, რათა ჩვენთან უმჭიდროვესი შეერთებულობით აღვეყვანეთ თვისთან. დავდგეთ
მის ფერხთით, ვინც ნაცვლად სამოსლისა, მადლი მისი შევიმოსეთ ანუ თვით იგი, რამეთუ
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ (გალატელთა 3, 27). დღითი-დღე
წარვსთქვამდეთ სიტყვათა წმიდათა, ამმაღლებელნი რტოთა სულისათა: კურთხეულ არს მომავალი
სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაჱლისა! (იოანე 12, 13). საიდან და საით ვალს? – ჩვენსკენ
მამიდან, საყდრისკენ ლაზარესა ზედა აღსრულებული სასწაულით. როდის ვალს და ვისთვის?
– ჟამსა თვისსა, ჩვენისა ცხოვრებისათვის: ერთგზის აღსასრულსა ჟამთასა (ებრაელთა 9,
26). მან ნებსით ამოირჩია სიკვდილი ადამიანებისთვის, რათა ეხსნა ადამიანი. მაშ, მივბაძოთ
ქრისტეს სიმდაბლეს (თავმდაბლობას), ხელი ვჰკიდოთ სიღატაკეს, რათა გავმდიდრდეთ; ვიხილოთ
გემო ჯვრისა (უფლისა), რათა დავიმკვიდროთ სიტკბოება სიცოცხლისა.
დავაფინოთ სამოსელთა სანაცვლოდ ქრისტეს ფერხთით ზრახვანი გულისანი, რათა ერთიანად
ჩვენში შემოვიდეს და აღგვბეჭდოს და მთელი არსებით ჩვენში განცხადდეს.
გსურს, საყვარელო, ბრწყინვალედ იზეიმო დღეჲ ესე და მიეგებო ვნებად მიმავალ ქრისტეს,
და მიეწებო მას? თანამავალ ექმენ ძლევისამომღებელს. რტოთა ნაცვლად დაუფენდე სათნო
ცხოვრებას. ზეთისხილის რტოებად ჰქმენ ხელნი შენნი, გაწვდილნი მოწყალებათათვის. ცისა
ღრუბლითა დამფარველს ფერხთა ქვეშე გაუფენდე არა სამოსელს – შენთვის ხორცშესხმულს,
სულერთიანად მიანებებდე სარწმუნოებით თავსა შენსა. მით შეიმოსე, ვით სამოსლითა, არსება
შენი, მთელი არსებით მიიღე იგი, შენთვის კაცქმნილი და მიმავალი დაკვლად გოლგოთას.
იქმენ, თუკი გთნავს, კარაული, იტვირთე ქრისტე, წარმართებული იერუსალიმს. და როგორც
იგი მის ასახსნელად მოვლინებულთ დაემორჩილა, ბეთანიაში გაჰყვა იმათ, არ ეჯიუტა, შენც
დაჰყაბულდი ქრისტესმიერ მორჩილებაზე შენსა დამმოძღვრელთ. აღარაფერში ეურჩო და ქრისტესათვის
ჭეშმარიტად კიცვი შეიქმენ. ჭაღარა შენი ყრმათამიერ სიმშვიდედ სცვალე – უსარგებლოა
ეგ თეთრი თმები, თუკი არა გაქვს უბრალოება. ქრისტეს გაჰყევი იმ ხალხთან ერთად, ხალხს
გაუსწარი. იქეცი ბაგედ წინასწარმეტყველთა, აგალობდი და განადიდე ის, ვისაც მიჰყავხარ
დიდებიდან დიდებისაკენ, სიონად იქმენ, სულად იერუსალიმისა, ღვთის ჭეშმარიტ ქალაქად,
რათა მიიღო ქრისტე, შენში შემომავალი. ჰა... მოდის შენთან... მშვიდი, იგი მაცხოვნებელი
(ზაქარია 9, 9). ნუ განდიდდები კეთილისმყოფელობით. იგალობე ყრმათა თანა, მხმობელმან:
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაჱლისა! ჰქმენ გული შენი ქორედად
წარმო