ნავიგაცია
ძებნა
რეკლამა





  
რეკლამა





|
წმინდა ანთიმოზ ივერიელი


 
"მართლმადიდებელ არაბებს შენ აგე სიხარული სანატრელი სასტამბო ხელოვნებისა"...


საუკუნეების მანძილზე, ყოველ დროში, ქართველი კაცი გამოირჩეოდა

შემოქმედებითი აქტივობითა და აღმშენებლობითი თვისებით. იგი ქმნიდა

ეპოქალური მნიშვნელობის კულტურას და ქმნიდა ისეთი ხარისხით, რომელიც

შემდგომ გზას უნათებდა მომავალ თაობებს. ასეთი ეპოქალური მნიშვნელობის

პიროვნებანი მრავალი იპოვება ჩვენი ისტორიის ფურცლებზე. მათ შორისაა

სრულიად ვლახეთის ქართველი მიტროპოლიტი წმინდა ანთიმოზ ივერიელია.



წმინდა ანთიმოზ ივერიელის სამიტროპოლიტო გერბი

ანთიმოზ ივერიელი - საქართველოდან მოტაცებული და კონსტანტინოპოლის ბაზარზე მონად გაყიდული ქართველი, თავის

მეორე სამშობლოს ვლახეთში პოულობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მართლაც რომ ამ საოცარი ნიჭით

დაჯილდოებული ადამიანის მრავალმხრივი მოღვაწეობა. იგი იყო შესანიშნავი კალიგრაფი, მხატვარი, ხუროთმოძღვარი,

ქსილოგრაფი, გრავიორი და მოქანდაკე. ფლობდა მრავალ ენას: მშობლიური ქართულის გარდა - ბერძნულს, რუმინულს,

ძველ სლავურს, არაბულს და თურქულს. იგი იყო სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი მთელი ბეჭვდითი საქმიანობისა.

ანთიმოზ ივერიელი იყო რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ბრწყინვალე მწერალი. იგი

აღიარებული იყო როგორც შესანიშნავი ორატორი. მის კალამს ეკუთვნოდა ლექსები ბერძნულ, რუმინულ და ძველ სლავურ

ენებზე. მას დიდი დამსახურება მიუძღვის, როგორც თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეს. წმინდა ანთიმოზმა სიცოცხლეც კი

მიიტანა რუმინელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სამსხვერპლოზე. იგი მედგრად მიუძღვოდა ჩაგრულ

რუმინელ ხალხს თურქთა და ფანარიოტთა ბატონობისაგან გათავისუფლების გზაზე. ცნობილი ფრანგი მეცნიერი ემილ პიკო

აღნიშნავდა, რომ: "ყველა მღვდელმთავარს შორის, რომლებიც ვლახეთის მიტროპოლიტად ყოფილან, არავინ არის ისეთი,

რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღვოდეს, როგორც ანთიმოზ ივერიელს. მისი ცოდნა, მისი

გემოვნება ხელოვანისა, მისი ღრმა სიყვარული წიგნებისადმი საკმარისი იქნებოდა, რომ იგი უბადლოდ მიგვეჩნია, მაგრამ

მას მეტი აქვს გაკეთებული. მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული

პატრიოტიზმისა". ანთიმოზ ივერიელი მოიტაცეს იმ ასაკში, როცა იგი სრულიად ჩამოყალიბებული "ინტელექტუალური

ვინაობის" მქონე ქართული ხელოვნების ტრადიციებზე აღზრდილი პიროვნება იყო. იგი ტყვედ ჩაიგდეს ჩრდილოეთ

კავკასიის მთიელებმა, მაშინ როდესაც არჩილ მეფესთან ერთად რუსეთში ყოფნის შემდეგ საქართველოსაკენ მიმავალ გზას

ადგა. ანთიმოზი კონსტანტინოპოლში 1666 წელს მონობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა იმ

მიზნით, რომ გამოეყენებინა მისი მხატვრის, გრავიორის და კალიგრაფის ნიჭი სასტამბო საქმიანობაში. ანთიმოზ ივერიელმა

ის ბრწყინვალე განათლება, სახელდობრ, კლასიკური ლიტერატურის შესანიშნავი ცოდნა, შეიძინა საკუთრივ ვლახეთში

ჩასვლის შემდეგ. ხოლო რაც შეეხება მესტამბეობას, ამ საკითხის გარკვევისას მკვლევართა აზრი რამდენიმე ნაწილად იყოფა.

აშკარაა, რომ მას მესტამბეობა კონსტანტინოპოლში არ შეუსწავლია, რადგან ამ ქალაქში აღნიშნულ პერიოდში ბერძნული

სტამბები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით მან მესტამბის ხელოვნება ქ. ბუზეუში ეპისკოპოს

მიტროფანეს ხელმძღვანელობით შეისწავლა. სხვები კი, ანთიმოზ ივერიელის ბეჭვდითი საქმიანობის დასაწყისს

უკავშირებენ აგრეთვე მიტროფანეს სახელს, ხოლო ბუზეუს მაგივრად ასახელებენ ბუქარესტს. არსებობს სხვა ვერსიებიც,

რომლის მიხედვით იგი მესტამბეობას დაეუფლა ან რუსეთში, როდესაც თან ახლდა არჩილ მეფეს ან პატრიარქ დოსითეოსის

მიერ ქალაქ აისში (მოლდავეთი) დაარსებულ სტამბაში. სწორედ ამ ქალაქიდან მოიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე

ბრანკოვიანუმ ანთიმოზი რუმინეთში. კონსტანტინე ბრანკოვიანუ იყო მმართველი, რომლის მეფობის პერიოდი (1688-1714)

ითვლება "ძველი რუმინული კულტურის აყვავების ხანად ვლახეთში". მეფე აგებდა ტაძრებს, მონასტრებსა და ეკლესიებს,

აშენებდა ახლებს, არამარტო ვლახეთის ტერიტორიაზე, არამედ სამთავროს ფარგლებს გარეთაც. რუმინეთში წმინდა

ანთიმოზმა მეტად ნაყოფიერი საქმიანობა წარმართა და შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი რუმინული წიგნის ბეჭდვის

საქმეში, რაზეც თვალნათლივ მოწმობს მისი თაოსნობით გამოცემული 64-მდე წიგნი. მისი, როგორც მბეჭდავის პირველი

ნაბიჯები ვლახეთში, დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან. მისი ინიციატივით საფუძველი ეყრება: სნაგოვოს,

რიმნიკის, ტირგოვიშტეს და "ყოველთა წმიდათა მონასტრის" სტამბებს, სადაც წიგნები იბეჭდებოდა რუმინულ, ბერძნულ,

ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. 1701 წელს სნაგოვოს მონასტრის სტამბაში ანთიმოზ ივერიელი ბეჭდავს

"კონდაკს", რომელიც გამოიცა ბერძნულ და არაბულ ენებზე ანტიოქიის პატრიარქის ათანასე IV-ის თხოვნით და ვლახეთის

მთავრის კონსტანტინე ბრანკოვიანუს ხარჯით. ამ წიგნის გამოცემის თაობაზე ანტიოქიის პატრიარქი შემდეგს სწერს: "მისმა

უდიდებულესობამ, მთავარმა კონსტანტინე ბრანკოვიანუმ დაუყონებლივ შეისმინა ჩვენი თხოვნა, უხვად გაიღო სახსრები

და დაავალა დახელოვნებულ მესტამბეს, უკეთილშობილესს იერარქთა შორის, ანთიმ ივერიელს, რათა მას მოწადინებით

ჩამოესხა არაბული შრიფტი და დაებეჭდა "წიგნი წმიდათა სამთა ჟამისწირვათა" (კონდაკი) ორ ენაზე, ბერძნულზე და

არაბულზე". კონდაკი დაბეჭდილია ორ ფერში და ორ სვეტად. ბერძნული ტექსტი შავ ფერში, ხოლო არაბული, შესაბამისად,

წითელ ფერში. წიგნში მოთავსებულია წმინდათა გამოსახულებანი, რომელთა მსგავსს ანთიმოზ ივერიელის მიერ

გამოცემულ სხვა წიგნებშიც ვხვდებით. მოკლედ შევეხოთ ისტორიას, რომლის მიხედვით ნაბეჭდი წიგნის გავრცელება

არაბეთის აღმოსავლეთში, კერძოდ კი სირიაში, წმინდა ანთიმოზ ივერიელს მიეწერება. 1700 წლის მარტში ბუქარესტში

ჩადის ანტიოქიის პატრიარქი ათანასე IV და იქ დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში ჩერდება. პა- ტრიარქი შემდეგი

სიტყვებით აღწერს იმდროინდელ ბუქარესტს: "მხარე გაშენებული მონასტრებით და სხვა მრავალრიცხოვანი დიდებული

შენობებით, განსაკუთრებით კი სემინარიებითა და სკოლებით, მეცნიერების სხვადასხვა დარგების დასაუფლებლად. გარდა

ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სტამბა, სადაც იბეჭდება წიგნები ბერძნულ, რუმინულ და სლავურ ენებზე".

ლიბანელი მეცნიერის ლუი შეიხოს მიხედვით: ათანასე პატრიარქმა იმოგზაურა ვლახეთში, ეწვია ვლახეთის მთავარს

კონსტანტინე ბრანკოვიანუს და სთხოვა, რომ დახმარებოდა პატრიარქს არაბულ და ბერძნულ ენებზე ლიტურგიკული

წიგნების გამოცემაში. ვლახეთის მთავარმა შეისმინა პატრიარქის თხოვნა, მიუჩინა პატრიარქს ქართველი მღვდელმონაზონი

ანთიმი და დაავალა პატრიარქის თხოვნის თანახმად, დაემზადებინა არაბული შრიფტი. მან მესამე წელიწადს ბუქარესტში

დაბეჭდა არაბულ და ბერძნულ ენებზე ლიტურგიკული წიგნები. შემდეგ დაბეჭდა "კონდაკი" და ორივე წიგნი უსასყიდლოდ

გაავრცელა ქრისტიან მღვდელმთავართა შორის. ანთიმოზ ივერიელის მოწაფე მიხეილ იშტვანოვიჩი, მის მიერ, 1706 წელს

რიმნიკში გამოცემული წიგნის წინასიტყვაობაში, ქებადიდებით იხსენიებს თავის მასწავლებელს, არა მარტო ბერძნულ და

რუმინულ ენებზე წიგნების ბეჭდვისათვის, არამედ არაბულ ენაზეც. "როგორც ბრძენმა იოსებმა, - წერს იშტვანოვიჩი, -

აღავსო ეგვიპტის ბეღლები სანოვაგით, ასევე შენმა სიყვარულმა ღვთისადმი აღავსო ჩვენი ქვეყნის წმინდა ეკლესიები

სულიერი სარჩოთი. და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა, სხვა ქვეყნებისაც. მართლმადიდებელ არაბებს შენ აგემე სიხარული

სანატრელი სასტამბო ხელოვნებისა, დაუბეჭდე მათ საკუთარ ენაზე საეკლესიო წიგნები, რისი ბედნიერებაც მათ დღემდე

წილად არ ხდომიათ". ხოლო, თავის მხრივ, ანტიოქიის პატრიარქი ათანასე, არაბულ ენაზე დაბეჭდილი წიგნებისათვის

მადლობას უხდის მთავარ კონსტანტინეს და აღნიშნავს, რომ ხალხი აღმოსავლეთისა, არაბი მოსახლეობა და წმინდა

სამღვდელოება ლოცვა-კურთხევით იხსენიებს მის სახელს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, რადგან მთავარმა შეისმინა

რა მათი თხოვნა, დაუყონებლივ გაიღო მოწყალება და აღმოუჩინა დახმარება ანტიოქიის საპატრიარქოს. თუ რაოდენ დიდ

მნიშვნელობას ანიჭებდა პატრიარქი ათანასე არაბულ ენაზე წიგნების დაბეჭდვას, კარგად ჩანს მისივე სიტყვებიდან: "რა

ძალგვიძს ჩვენ მივცეთ მას ასეთი დიდი წყალობის ნაცვლად. როგორ შევძლოთ ჩვენ სათანადოდ დავაფასოთ მის მიერ

გაწეული ამაგი?" ამრიგად არაბულ ენაზე წიგნის პირველ მბეჭდავად ვლახეთში ჩვენ გვევლინება ქართველი ანთიმოზ

ივერიელი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ანთიმოზი მართლაც რომ "სწორუპოვარი" და "ყველა

ხელოვნებათა" ოსტატი ყოფილა, რადგან არაბული სასტამბო შრიფტის დამზადება კალიგრაფიული ხელნაწერების

მიხედვით, შესაფერისი არაბული ასოების შერჩევა, სათანადო ნახაზების შედგენა, მათ მიხედვით კი ლითონის არაბული

შრიფტის ჩამოსხმა - არაბული დამწერლობის სპეციფიკის გამო მეტად რთულ მუშაობასა და ოსტატობას მოითხოვდა. 1701-

1702 წლებში ვლახეთში არაბულ-ბერძნული ლიტურგიკული წიგნების - "კონდაკისა" და "ჟამნის" დაბეჭდვის შემდეგ,

რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს, სირიაში, კერძოდ კი ქალაქ

ჰალაბში, დღევანდელ ალეპოში საფუძველი ეყრება პირველ ეროვნულ სტამბას. ანტიოქიის პატრიარქი ათანასე 1702 წელს

ბუქარესტში ბერძნულ ენაზე დაწერილ თავის ნაშრომში "ანტიოქიის პატრიარქთა ისტორია", აღნიშნავს, რომ "დღემდე

მართლმადიდებლებს არ გააჩნდათ არაბული სტამბა, სადაც დაიბეჭდებოდა საეკლესიო წიგნები." სტამბის დაარსებასთან

დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე მოსაზრება. მკვლევარ გასტერის მიხედვით: "ანთიმოზის მიერ დამზადებული

შრიფტი, ისევე როგორც სტამბის მოწყობილობანი, მთავარმა ბრანკოვიანუმ საჩუქრად მიართვა პატრიარქს და ჰალაბში

მიიტანა. ამით საფუძველი დაედო ქრისტიანული წიგნების ბეჭდვას აღმოსავლეთში". მეორე მოსაზრებით კი, რომელიც ლუი

შეიხს ეკუთვნის: "ათანასე პატრიარქი ჰალაბში დაბრუნდა და მიზნად დაისახა ამ ქალაქში ლიტურგიკული წიგნი დაებეჭდა.

შესაძლოა, - დასძენს შეიხი, - ათანასე პატრიარქმა თან ჩამოიყვანა ბუქარესტიდან მღვდელ-მონაზონი ანთიმი, რომელმაც

დაუმზადა ათანასეს ახალი არაბ- ული შრიფტი". იგივე მკვლევარის მეორე ვერსიით: "ათანასე პატრიარქი ვლახეთში

ყოფნისას დაეუფლა შრიფტის გაკეთების ხელოვნებას და შემდეგ ეს საქმე ზოგიერთ ჰალაბელს შეასწავლა". მეცნიერთა

აზრით, ეს მეორე ვერსია უფრო დამაჯერებელია. ქართველი მკვლევარი შ. კურდღელაშვილი აღნიშნავს, რომ "ანტიოქიის

პატრიარქის, ათანასე IV უნგრო-ვლახეთში ოთხი წლის განმავლობაში ყოფნის მანძილზე, ანთიმოზ ივერიელმა მას

შეასწავლა სასტამბო საქმე, კერძოდ კი ანთიმოზის მიერვე დამზადებული ფოლადის არაბული პუნსონების საშუალებით

ტყვიის ლიტერების ჩამოსხმის ტექნიკა და აგრეთვე წიგნების აწყობის ხელოვნება". და ამის შედეგად ათანასე პატრიარქმა

თვითონვე დაამზადა სათანადო მატრიცები და თვითონვე ჩამოასხა არაბული ტყვიის ლიტერები. აღსანიშნავია, რომ ეს იყო

პირველი არაბული შრიფტის მქონე სტამბა მთელს ახლო და შუა აღმოსავლეთში. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, 1722

წელს, ალეპოს მკვიდრმა აბდულახ ზახირმა დააარსა არაბული სტამბა ლიბანში, აშუვეირის ტაძართან. 1727 წელს კი

უნგრული წარმოშობის თურქმა წიგნის მბეჭდავმა იბრაქიმ მუტეფერიკამ ჩამოაყალიბა პირველი თურქული სტამბა არაბული

შრიფტით კონსტანტინოპოლში. ბეირუთში კი პირველი სტამბა დააფუძნეს არაბმა კათოლიკებმა 1758 წელს, რაც შეეხება

ქაიროში არსებულ ცნობილ ბელაქის სტამბას, ის დაარსდა ეგვიპტის მმართველ მუხამედ ალ-ღიშის ინიციატივით 1821

წელს. ამრიგად, წმინდა ანთიმოზ ივერიელი ის პიროვნებაა, რომლის ძალისხმევით ჯერ ვლახეთი, შემდგომ კი სირია

შეიქმნა მანათობელ შუქურად წიგნების ბეჭდვისა და გავრცელების თვალსაზრისით მთელს საქრისიტიანო აღმოსავლეთში.


თქვენი კომენტარი

აღწერა:
შეიყვანე კოდი > :


ავტორიზაცია
რეკლამა

სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები
wWw.Geofox.tk
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!

Copyright © 2008-2009
Designe By Tornike |