ალექსი ბერი განმარტოებულ მონაზვნურ ცხოვრებას ატარებდა, მაგრამ მიუხედავად
ამისა იგი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. საქართველოს ყოველი კუთხიდან
დადიოდნენ მასთან როგორც მისი უამრავი მოწაფეები, აგრეთვე ათეისტურად განწყობილი,
მაგრამ მისი მოღვაწეობით დაინტერესებული პირებიც; დადიოდა მოსწავლე ახალგაზრდობა,
სტუდენტები და ხშირად უბრალო ბერის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი
იმართებოდა სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ზოგიერთი ამ საუბრისა და
კამათის შინაარსი ალექსის მოყვანილი აქვს დაბეჭდილ და დაუბეჭდავ ნაშრომებში (იხ.
მაგალითად დავა ვინმე ჭაბუკთან - „წერილნი და მოძღვრებანი“; დავა ტოლსტოის მოწაფე
ალექსანდრე მესხიასთან, მიწერ-მოწერა ივანე გომართელთან). ალექსი უმთავრესად
ლიტერატურულ შრომას ეწეოდა. მისი ნაწერები გამოდიოდა ცაკლე წიგნებად (გამოცემულია
18 დასახელების წიგნი. წიგნებს სცემდა მისი მოწაფე თბილისელი ვაჭარი იოსებ ლეჟავა).