ნავიგაცია
ძებნა
რეკლამა





  
რეკლამა





|

"... ვასწავლნე უშჯულოთა გზანი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ..." (50 ფსალმუნი)

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს დაბადებიდან 70 წლის და 25 წლის მღვდელმთავრობის იუბილე

  აღზრდისა და გაზრდის, სწავლისა და შრომის, ადამიანების შეცნობის, ცხოვრების შემეცნების, სიყვარულისა და ავ-კარგის გარჩევის ურთულესი გზა გაიარა.
აღიზარდა კეთილშობილი, ჰუმანური, თავმდაბალი, მიმტევებელი, თავაზიანი.
გაიზარდა ფიზიკურად ჯანმრთელი, ბუმბერაზ მთასავით მაღალი, კლდესავით მტკიცე, წყაროს წყალივით სუფთა და ანკარა, გონიერი, ბეჯითი და საღი მსჯელობის უნარით აღსავსე, სიმართლისა და სამართლიანობის მძებნელი და მოყვარული.
გზა და გზა მდიდრდებოდა, ივსებოდა და მტკიცდებოდა მადლითა და სიკეთით, რომელსაც დღეს უშურველად განიღებს მის თვალსაწიერზე მყოფ ადამიანებისთვის.
არასოდეს ყოფილა უმართებულო სიტყვის მთქმელი, შურიანი, სირთულეებზე თავის ამრიდებელი და უკან დამხევი.
უყვარს ყველა, ვისაც ადამიანი ჰქვია, გაჭირვებულიცა და გამდიდრებულიც, თუ იგი პატიოსანი შრომითაა მდიდარი.
სულ იმის ცდაშია, ვის როგორ დაეხმაროს, ანუგეშოს, შეუმსუბუქოს მძიმე ხვედრი, მადლითა და სიკეთით აღავსოს ყველას გული.
ეს ღირსშესანიშნავი პიროვნება გახლავთ ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, შემდგომ კი მიტროპოლიტ კალისტრატედ წოდებული.
დაიბადა 1938 წელს, 20 ოქტომბერს, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. ხშირად იტყვის: ხალხს ჩემი სოფლის სახელწოდება ეშლება, ზოგი ვაზისუბანს, ზოგიც ვარდისუბანს ეძახისო. მეუფე კი ნამდვილად იმ დიდებული–ვარდისუბნის საამაყო შვილია, მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული, არზრდილი და გაზრდილი.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მინსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და დაასრულა ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ასევე დაასრულა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი. ამ წლების მანძილზე, სწავლასთან ერთად, სწავლის დამთავრების შემდგომაც მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე.   ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაოჯახდა და სამშობლოს სამი შვილი შესძინა.
შემდგომ მისი ცხოვრების ისტორიაში გადაიშალა ყველასა და ყველაფერზე რთული და საყვარელი საქმიანობის ახალი ფურცელი... შეუდგა მძიმე, მაგრამ ჭეშმარიტ გზას–ქრისტეს გზას.
1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღეს (7 აპრილს) და აკურთხეს დიაკვნად. 1982 წლიდანვე დაინიშნა საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო ამავე წლის 2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელმონაზვნად. შემდგომ აიყვანეს იღუმენის ხარისხში.
1983 წლის აპრილში დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. 12(25) დეკემბრიდან კი აკურთხეს ეპისკოპოსად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.
უაღრესად სავალალო და მძიმე ვითარება დახვდა ეპარქიაში მმართველს და იგიც დიდი შემართებით შეუდგა მოღვაწეობას. მისი თავდადებული შრომით გაიწმინდა და გასუფთავდა ეკლესიები, გამოსწორდა მოძღვართა ცხოვრება–განწყობილებებიც, შეიქმნა სუფთა გარემო, მოეძალა ეკლესიებს მრევლი, დაიწყო ახალი ეკლესიების შენება, ძველის შეკეთება და წირვა-ლოცვის აღდგენა. შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, თუ რამდენი ეკლესია აშენდა და შეუდგა ფუნქციონირებას.
1989 წელს მისი მეუფება აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1992 წელს კი–მიტროპოლიტის ხარისხში.
1990 წლიდან დაინიშნა გელათის სასულიერო აკადემიის რექტორად, რომლის აღდგენა-აღორძინების საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის, ამავე წლის მარტში მეუფე კალისტრატემ მონაწილეობა მიიღო კონსტანტინეპოლიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დკუმენტების ჩამოტანაში, რომლის მცველად იქნა დადგენილი უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევით.
1990 წლის ნოემბერში მეუფე კალისტრატეს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ტრაპიზონიდან გელათში გადმოსვენებულ იქნა მეფე სოლომონ II-ის ნეშთი. ასევე მეუფის დიდი შრომითა და ძალისხმევით მოხდა მიტროპოლიტ ეფვთიმე შარვაშიძის პეტერბურგიდან გელათში გადმოსვენება.
აღსანიშნავია, რომ მეუფე კალისტრატეს თავდადებული შრომითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1995 წელს დაარსდა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, სასწავლებელი, მედავითნეობის კურსი და შემდეგ წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. ყველა ამ სასწავლო დაწესებულების რექტორი თავად მეუფე კალისტრატე ბრძანდება.
დიდია მეუფე კალისტრატეს თავდადებული შრომა, რათა აღდგენილ იქნას ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი.
მეუფე კალისტრატეს მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბაში უამრავი ეკლესია იქნა რესტავრირებული, ბევრი ახალი აშენდა. აღადგინა და სისრულეში მოიყვანა 5 ეპარქია: ზედა და ქვედა სვანეთის ეპარქიები, ვანის, ბაღდათის, ხონისა და ტყიბულის ეპარქიები.
მეუფე კალისტრატეს დაუღალავი შრომითა და ძალისხმევით სრულიად საქართველოში 300-ზე მეტი ეკლესია, მონასტერი და სამლოცველო აშენდა, რომელიც მანვე აკურთხა.
ასევე საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დადგა 13 ჯვარი: ქუთაისის სიონის, მყინვარის, მამისონის, იალბუზის, ხვამლის, კოდორის, თეთნულდის, ნიქოზის, საინგილოს, ვარძიის, სორმონის, ყოვლადწმინდა სამების, მთასაყდრისა და ტყიბულის ცხრაჯვარის ჯვარი.
როგორც ვიცით, ქუთაისის “ხარების” ეკლესიის შესახებ დიდი დავა მიმდინარეობდა, საქართველომ ჯვარცმული გზით იარა, სიმართლემ ნათელი მოჰფინა ყველაფერს ქუთაისის “ხარების” ეკლესია დაუბრუნდა თავის ისტორიულ მფლობელს.
1986 წლის აპრილის თვეში უკრაინაში მოხდა ჩერნობილის დიდი ტრაგედია, იმ ძნელბედობის ჟამს მთელი მსოფლიოდან პირველი მოძღვარი მეუფე კალისტრატე ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაფრინდა, ის იქ 14-27 მაისამდე დარჩა, ატარებდა ქადაგებებს, ლოცვებს, ნუგეშითა და იმედით აძლიერებდა ხალხს.
მართლმადიდებლობისადმი ერთგული და დაუღლელი შრომითი მოღვაწეობისათვის, ჩერნობილის ტრაგედიაში მონაწილეობის გამო მიღებული აქვს უკრაინის პრეზიდენტის იუშენკოს სამადლობელი ორი წერილი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც სასულიერო აკადემიის რექტორი მეუფე კალისტრატე დაჯილდოვდა წმინდა დანიელის ორდენით, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა კირილეს და მეთოდეს სახელობის ორდენებით. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის ოქროს ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანთიმოზ ივერიელის დიპლომით, საქართველოს მთავრობამ კი საერო და საეკლესიო საქმიანობაში ხანგრძლივი და თავდადებული მოღვაწეობისათვის, აფხაზეთის ომში გამოჩენილი ღვაწლისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრეტე არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის, ეკოლოგიის აკადემიისა და საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
2000 წლის 21 სექტემბერს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
2008 წლის 16 ოქტომბერს მეუფე კალისტრატეს მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და გადაეცა დიპლომი.
 

 

 

მეუფე კალისტრატეს იუბილესადმი მიძღვნილი ლექსები

“მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე...” 142 ფსალმუნი, 9

გაზეთ “საქართველოს სარკმელის” მთავარი რედაქტორი, დამსახურებული ჟურნალისტი, მრავალი ლექსის ავტორი ალექსანდრე შენგელია გულთბილად მიესალმება მეუფე კალისტრატეს და ულოცავს საიუბილეო თარიღს 70 წელს, კეთილ სურვილებთან ერთად უძღვნის გრძნობით ამაღლებულ ლექსს.

მეუფის ჯაჭვები

თუ შინაგამცემს პასუხს ვერ სთხოვს, ის რა ერია,
როცა ბევრია მოსყიდული იუდას ვერცხლით,
მოხვეჭის ვნებით შეპყრობილი ვინც შეგვერია,
ბერი თევდორეც აღარ ახსოვს, არათუ ჰერცლი.

ისრაელს დღემდე ხიბლად შერჩა მისი ხილვანი,
სოსელოსავით ვინც არ დაშვრა სხვისთვის ამაოდ...
ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს სოჭი,
ცხინვალი დაუბრუნდება?
რა ხილვა გაქვს, გვითხარ, მამაო!

ჩამოჭრილი აქვს საქართველოს მსუყე ნაჭრები
და რომ მის კვნესას არ უსმენდეს ვინმე
ლაჩრულად,
გთხოვ, რომ დაგვითმო, მეუფეო, შენი ჯაჭვები
და ის თვითგვემა, ტაძარი რომ შეგვინარჩუნა!

ალექსანდრე შენგელია

 

 

ჯერ კიდევ ადრე, სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მეუფე კალისტრატეს, ბატონმა ზურაბ კუხიანიძემ დაბადების დღის მილოცვასთან ერთად, გულის სიღრმიდან ამოტანილი ეს შესანისნავი ლექსი უძღვნა, და რა სთხოვა, თავად ლექსი გვეტყვის:

მამაო

მამაო, მე მწამს ზარზმის იარა,
და ჩუმ ფსალმუნთა ყველა ხვეული,
ბერი თევდორეს ჩუმი ტიარა,
თურქთა შუბებზე წამოხეული.
მამაო, მე მწამს სულს რომ უხდება,
საგალობლები ჰანგთა უცხოთა             
და ნეტარ მღვდელთა ლოცვა, კურთხევა,
თამარის ლაშქარს რომ მიუძღოდა,
მამაო, მე მწამს სანთლის კიანთი,
ნათლად რომ ადგას მღვიმე-სენაკებს,
ბერნი ბრძნულ წიგნებს
და ფოლიანტებს,
რომ გვითარგმნიდნენ ღვთიურ ენაზე.
მწამს-რომ ხანდახან სულს
სიმარტვილე
ამშვიდებს ლურჯთა მტილთა
ჩრდილებით,
მწამს ძმები-დავით და კონსტანტინე,უღვთოდ რიონში ჩაჩეხილები
მე მწამს წმინდანთა ურწყვი ხილვები,
დაფნის რტოებით სულს რომ ანაზებს...
მსუბუქი  ფერფლი აბო თბილელის
ახლაც ფარფატებს ქართლის შარაზე.
მამაო, მე მწამს-თუ შამქორისკენ
ყომრალ ღრუბელთა ჯანღი დაიძრა,
წინაპართ მსგავსად ანაფორის ქვეშ,
იმ გაუტეხელ პერანგს ჩაიცვამ.
მამაო, მე მწამს ნინოს ნათელი,
ახლაც რომ ახლავს მცხეთის იალონს
და სანამ მქვია ქვეყნად ქართველი-
ვერ შეველევი საქრისტიანოს.
თუ ჩვენი რწმენა არ არს ამაო,
თუ არ ამზადებს ეშმა ანწუხებს-
ჩემს საქართველოს, მითხარ მამაო,
ხანდახან გული რატომ აწუხებს.

ზურაბ კუხიანიძე

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს

მეუფე კალისტრატეს

შვიდი ათეული წლის საიუბილეოდ

წვიმდა ქუთაისს
თოვდა გაენათს-
შენ ფეხშიშველა მისდევდი აღმართს,
პირჯვარს იწერდა ვიღაც უკუღმა,
ბევრი უკუღმა და ცოტა წაღმა.
გადაგეტყავა ჯაჭვებით ქედი
და ნაიარევს ჰქონდა ჯვრის ფორმა,
რა ცეცხლი გწვავდა,
რა მადლით ცხონდი-
შენ და უფალმა იცოდით ორმა.
მიირწეოდა მლოცველთა რიგი
არა აბელად,
არა კაენად,
გზა ტაძრისაკენ ყველასთვის მიდის,
წვიმდა ქუთაისს თოვდა გაენათს.
შენ მუხლმოყრილი შეეხე მიწას,
ემთხვიე მიწას, როგორც ღვთის კალთას
ცაზე როდესაც სხივმა იელვა
ნათლის მომფენად გზათა და კვალთა.
ქარს ეხლებოდა სამოთხის ჩიტი-
ჟამიერ ნისლში გზა თუ დაებნა,
ხილულად,
არაამქვეყნიურად
წვიმდა ქუთაისს,
თოვდა გაენათს.

                                 მოკრძალებით, პატივისცემით, ღვთისმიერი სიყვარულით
                                           ცირა შალაშვილი
4.12.08.

                 გაზეთ “კვალი ნათელის”რედაქტორი
ჯანიკო გაბუნია

 

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კლისტრატეს

 

მე მიყვარს როცა გელათში მოხვალ
და თქვენს ნაბიჯებს ჩუმად დავითვლი,
ერის  ბედისთვის მლოცველს და მოძღვარს
ფიქრებს გაგანდობთ დიდი დავითი.
როს ღვთისმშობელის მზერა კედლიდან
გადაგავიწყებს ყველა იარებს,
ფეხქვეშ გამცვდარი საფლავის ლოდი
გულის სიღრმეში შეგაზრიალებს.
საწუთროს გზაზე უსაზღვროდ დაღლილს
ანგელოზების მზერა გაგათბობს
მაშინ მაგონებთ ვაჟას იმ არწივს,
ყვავ-ყორნებმა რომ ვერა დააკლო.
და ვგრძნობ უსიტყვოდ დაღალულ მხრებზე
ბედის ღრუბლებმა როგორ იარეს,
უკვე რამდენი წლები გასულა,
რაც თქვენს ბუდეში დაგვაფრთიანეთ.
როს შორეული წარსულის ჩრდილი
საფლავებს შორის გაიშრიალებს,
გარდასულ დღეებს მივაგებთ პატივს
და მომავლისას შევსვამთ ფიალებს.
სამოცდაათი ერთხელ კი არა,
სამჯერ და ოთხჯერ გადაგეხადოთ,
ბედის სამოსში დიდო მეუფევ,
ერის იმედად დიდხანს მენახოთ!
და მაინც მიყვარს გელათში მოსულს
როცა ნაბიჯებს ჩუმად დაგითვლით,
ერის ბედისთვის მლოცველს და მმოსავს
გესაუბრებათ დიდი დავითი.

 

            ქუთაისის  29 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ნანი სილაგაძე

თქვენი სტუმრობა უბანში, ყველამ გაიგო დღეს უკვე
საკუთარ ხალხზე ზრუნვაში გათეთრებულო მეუფევ,
მხარეში ცრემლით ნამულში, ბურჯივით დგახერ ურყევად,
ნუ მოგვიშალოს მამულში შენი ლოცვა და კურთხევა.
როდესაც შავი ღრუბელი აწვა სამშობლოს ტყე-ველთა,
იდექი ხელაპყრობილი მამულის საკურთხეველთან,
ბევრჯერ მანამდეც ურჯულომ, მოგვიწყო მწარე გამოცდა
მადლობა უფალს ვერ შეძლეს ქართველის რჯულის გამოცვლა.
სამაჩაბლოს თუ აფხაზეთს, რომ ვიცლებოდით სისხლიდან,
ღმერთს ავედრებდი ვაჟკაცებს, ვინც მამულს გამოიხსნიდა.
ნათელს ჰფენ დუხჭირ გარემოს სამოცდაათი წელითა
ასე ლამაზად გაგევლოს, რაც დაგრჩა გასავლელია,
ლექსით რომ შესწვდე მეუფეს ცოტა არ იყოს ძნელია,
დიდ იუბილეს გილოცავს დაზმირა ლენტეხელია.

 

პატივისცემით      დაზმირ ონიანი
23.10.2008 წელი
ქუთაისი


ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს ინტერვიუ
გამოქვეყნებული გაზეთ "P.S." -ში

სანამ ერი და ბერი ერთად არ დაჯდება...

" ქართველ ერს ვერავინ უწინამძღვრებს, თუ ის ღვთის კაცი არ იქნება"

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის პიკი აღდგომის მარხვის პერიოდს დაემთხვა. ვნების კვირის დასაწყისი კი თბილისის ქუჩებში პიკეტირებით დაიწყო.  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გაზეთ "P.S."-ის ფურცლებიდან ქართველ ერს გონიერებისაკენ და ერთიანობისაკენ მოუწოდებს.
          - მეუფეო, აღდდომის წინა პერიოდი ქართველთათვის პოლიტიკურად დაიძაბა. რას  იტყოდით, ემორჩილება დღეს გონიერებას ქართველი ერი?

          - პავლე მოციქული ბრძანებს, აღდგომა რომ არ ყოფილიყო, ქრისტეს სარწმუნოებას აზრი არ ექნებოდაო.  მეტიც, იესო ქრისტე, ზეციური მამის მიერ იქნა მოვლენილი კაცობრიობის გადასარჩენად დედამიწაზე. მაცხოვარი მოვიდა იმ დროს, როცა კაცობრიობა ცოდვილი იყო. მან მოიტანა რწმენა და როცა ურწმუნომ შეხედა, რომ მაცხოვარმა გარდაცვლილი გააცოცხლა, კეთროვანი განწმინდა, ეს გონებამ დაიჯერა, მაგრამ გული ისე ჰქონდა გადაგვარებული, მეორე დღეს ჯვარს აცვეს ქრისტე. საღვთო სჯულს, სახარებას რომ კითხულობ, შენს თავს კითხვა უნდა დაუსვა: რაც წერია, იმას თუ ვასრულებო.  რაც იქ წერია, იმის კეთება თუ ჩვენ შევძელით, მაშინ სასუფეველიც გვაქვს. ყველა დარდი და მწუხარება ცხონებისთვისაა მოვლენილი. უფალმა აღდგომით გვასწავლა, რომ გვაცხოვნა და ღმერთს ჩვენი თავი შეავედრა. ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, გონება და გული მისცა. ამიტომ გონიერება უპირველესია იმისათვის, რასაც გულით, სიყვარულით გავაკეთებთ.
          - ქართველი ერი ღვთისადმი დიდი სიყვარულით და მორჩილებით გამოირჩეოდა. დღეს ერი ღმერთის რწმენას კვლავ დასცილდა. იქნებ ამიტომაც გვიმზადებს უფალი ახალ-ახალ განსაცდელს?
          - მართალი ხარ, შვილო, უფალი რომ აღდგა მკვდრეთით, კარებიდან კი არ შევიდა მოციქულებთან, არამედ - უჩინრად და უთხრა:  "მშვიდობა თქვენდა!" ნებისმიერი  პიროვნება მშვიდობას უნდა იცავდეს. რაც არ უნდა " ცუდი მშვიდობა" იყოს, იგი მაინც სჯობია ქაოსს. ჩვენ ერთიანი და ძლიერი ვიყავით მაშინ,  როცა ღვთის კანონის მორჩილნი და მცოდნენი ვიყავით. აი, მაშინ აშენდა ქვეყანა დავითისა და თამარის დროს და იყო კიდეც ოქროს საუკუნე. როცა ადამიანები სცოდავენ, მაშინ იწყება მიწისძვრები, ჭირი და რევოლუციები. ყველა რევოლუცია კაცობრიობის მოტყუებით დამთავრდა. ავაშენეთ კომუნიზმი? ეს არის გონების მიერ გამოგონილი, წუთისოფლის სიბრძნეში მოქცეული  რაღაც გარკვეული თეორია. მაგრამ ყველა ასეთ მოაზროვნეს ავიწყდება, რომ წუთისოფლის სიბრძნე წარმავალია. მარადიული სიბრძნე სახარებაა, სადაც დევს სული. ჩვენ, ქართველები, როცა ეკლესიას ვუსმენდით, გვქონდა მშვიდობა. ავიღოთ ბოლო 20 წელი... იყო უამრავი არეულობა, დავანგრიეთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ოჯახები, დავკარგეთ ტერიტორიები, ასეული ათასობით ქართველი ვაიძულეთ, საზღვარგარეთ წასულიყო. პროცესები რომ კარგი საქმისთვის ყოფილიყო დაწყებული, ჩვენ ამ შედეგს არ მივიღებდით. შედეგში მთავარი - მიზეზია. ქართველ ერს აქვს არჩეული თავისი ცხონების გზა. როცა უფალთან ახლოს ვართ, ბოროტი ძალის წინააღმდეგ აუღებელი ციხე-სიმაგრე ვხდებით. დღეს სკამისათვის ჩხუბი სწორი არ არის. უნდა ცოტა მოვითმინოთ. როცა ადამიანი ღმერთს ემორჩილება, იგი მადლს, მორჩილებას, და სიმდაბლეს იენს. ქვეყანა ერთი დიდი ოჯახია და მაშინ, როცა ოჯახი დაწყნარდება, ქვეყანა გამთლიანდება.
          - ბოლო დღეებში გავრცელდა  პატრიარქის მოწოდებები ერთიანობისა და გონიერებისაკენ. ჩვენ გვაქვს 1989 წლის 9 აპრილის შედეგი, როცა ხალხმა ილია II-ს არ დაუჯერა. რას უნდა ველოდოთ, როცა პატრიარქის დღესაც არ გვესმის?
          - პატრიარქს არ უსმენს ის,  ვისაც რწმენა არ აქვს. ძველი აღთქმის თანახმად, თუ შვილი მამას არ უსმენდა,  ისჯებოდა. პატრიარქი - ეს არის ზეციური მამის მიერ მოვლენილი პიროვნება, რომელიც ცეცხლოვან ტახტზე ზის. ეს არ არის მისთვის მიწიერი სიამოვნება - პატრიარქი ჯვარცმულია. ამიტომ უწმინდესის მოწოდება კანონია. ახლა მარხვის დღეებია და ფოთოლი კი არ უნდა გატოკდეს რწმენის გარეშე. დღეს არეულობაა, ამას მოჰყვება ბანდიტობა, ყაჩაღობა, დაუნდობლობა. ქართველი ხალხი ფსიქოზურად დაიღალა. ბავშვებზე ეს ყველაფერი მოქმედებს და მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან. პატრიარქის არ დაჯერება კი სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
          - აქციები ვნების კვირაშიც გაგრძელდა...
          - მე არეულობის მმხრე არასოდეს ვიყავი. ვინმემ ქვა რომ მესროლოს, მე მას პასუხი არ უნდა გავცე, უფალთან უნდა მივიდე და ვუთხრა. ქრისტიანული სიმდაბლე და მოძღვრება დღეს საერო ადამიანისთვის გაუგებარია. სანამ არ მიხვალ უფალთან და არ იპოვი სულიერებას, მანამდე დიდ საქმეს ვერ გააკეთებ. ჩვენ შეგვეძლო, აგვეშენებია სამოთხე. დღეს არიან ისეთი სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც არ უსმენენ ღმერთს. ისინი უფალთან თითქოს მორჩილებაში არიან, მაგრამ მაინც იმას აკეთებენ, რაც სურთ! როგორ, პატრიარქი ბრძანებს და მისი სიტყვა არ უნდა დაიჯერო?  ეტყობა ათეიზმმა და ურწმუნოებამ ბევრს გზაკვალი აურია. ქართველ ერს ვერავინ უწინამძღვრებს თუ ის ღვთის კაცი არ იქნება. ჩვენს მტერს კი არ უნდა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. მაგრამ სანამ ერი და ბერი ერთად არ დაჯდება, იმ ტრადიციული აზროვნებით, რაც ჩვენ ისტორიულად გაგვაჩნია, მანამდე საქართველოში სიმშვიდე არ იქნება.
          - რას უსურვებთ ბრწყინვალე აღდგომის დღეს საქართველოს, ქართველებს?
         - ქრისტე აღდგა! სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, გულით გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, შევთხოვ მაცხოვარს მშვიდობას, ილია მართალი ბრძანებს,  რომ ქართველი ჯვარცმულია ქრისტესთვის. აი, ეს  ჯვარცმის შინაარსობრიობა შეგვაგნებინოს უფალმა, ეს უზარმაზარი  ძალა იქნება. პავლე მოციქული ამბობს: ვინც მე არ მაღიარებს ძედ ღვთისად, და ძედ კაცისად, ანტიქრისტეს სულია იმაშიო. წუთისოფლის სიბრძნეებით  ადამიანი ვერაფერს გააკეთებს, რადგან მხოლოდ უფალია გამგებელი. მე მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ ღვთის მორჩილება ისწავლოს. ვისურვებ, რომ საქართველოში აღდგეს ტრადიციული დედაშვილობა, მამაშვილობა, იერარარქიული წყობა. საზღვარგარეთ მოხუც მშობლებს მოხუცთა პანსიონში აბარებენ. მე მამას და დედას ვერ გავიმეტებ, მე ვალდებული ვარ, მათ მოვუარო -  ჩვენ, აი, ასეთი ოჯახი უნდა აღვადგინოთ.  სულიწმიდის მსახურები უნდა ვიყოთ. აი, ამას ვუსურვებ ჩემს საყვარელ ერს.  სულიწმიდის მადლი გადმოგსხმოდეთ! იხარეთ ორსავ სოფელში! ღმერთმა გაგაძლიეროთ! ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე! ამინ.

 

                                                                                          ესაუბრა
                                                                                მარიკა ვაჭარაძე

გაზეთი "P.S." №13 20-26 აპრილი, 2009წელი.



1) ავტორი: marine
meufe kalistrate iseti sayvareli adamiania, rom sulshi chaidzvren, rogorc imeretshi ityvian. misi qadagebebi da gutaisisa da gaenatis eparqiashi mogvaweoba imdenad mnishvnelovania, rom mraval adamians iolad gadautania gachirveba tu sulieri dabrkoleba. misma mogvaweobam bevri adamiani moatriala qristianuli azrovnebisaken. upalma dalocos meufe kalistrate! AMIN!

თქვენი კომენტარი

აღწერა:
შეიყვანე კოდი > :


ავტორიზაცია
რეკლამა

სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მეგობრები
wWw.Geofox.tk
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!

Copyright © 2008-2009
Designe By Tornike |