ნავიგაცია
ძებნა
რეკლამა





  
რეკლამა





|

საქართველოს ეკლესიის ეპარქიები და მღვდელმთავრები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო ტერიტორიის საეპარქიო დანაწილება და მართვა წმიდა წერილსა და მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკის უძველეს ტრადიციას ეფუძნება. ეკლესიის მამათა თხზულებებში, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა განჩინებებში მკაფიოდ არის განსაზღვრული ეპარქიის ჩამოყალიბების ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები, ეპისოკოპოსის უფლება-მოვალეობები, მისი არჩევა-დადგინების სულიერ-ზნეობრივი, ფიზიკურ-სოციალური და სხვა კრიტერიუმები.

მსოფლიო საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად, საქართველოშიც ადრიდანვე არსებობდა ეპისკოპოსის ინსტიტუტი. მოციქულთა მიერ დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს, რომელიც მცირერიცხოვნებით გამოირჩეოდა, თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა. ქართული წყაროები მოციქულთა მიერ საქართველოში დაარსებული ეკლესიების მმართველი ეპისკოპოსების თაობაზე თითქმის არაფერს გვაუწყებენ. წმინდა ნინოს მიერ მოქცეული ქართლის პირველი ეპისკოპოსი საბერძნეთიდან მოწვეული იოანე იყო, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აკურთხა მცხეთაში აშენებული ეკლესია, წუნდასა და მანგლისში საფუძველი დაუდო ახალ ეკლესიათა მშენებლობას, მდინარე მტკვარში საყოველთაო ნათლობა აღასრულა და სხვ. მან თავისი სამღვდელმთავრო მსახურებით მცხეთის პირველი საეპისკოპოსო დააფუძნა. საქართველოში იგი მთავარეპისკოპოსის წოდებით იხსენიება. მთავარეპისკოპოსს, შესაბამისად, თავის დაქვემდებარებაში მყოფი ეპისკოპოსებიც ეყოლებოდა, თუმცა ქართული წყაროები მათ შესახებაც არაფერს წერენ. საქართველოს ეკლესიის ეპარქიებად დაყოფის ისტორიისათვის თვალის მიდევნება შესაძლებელია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს 12 ახალი საეპისკოპოსო კათედრის - ახიზის, ერუშეთის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმინდის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის, აგარაკის, მცხეთის, მოგვიანებით ნიქოზის  -დაფუძნების შემდეგ.

მეფე ვახტნგის მიერ დაარსებული საეპისკოპოსოების განლაგება ემთხვეოდა იმ დროის ქართლის საერო-ადმინისტრაციულ დაყოფას: თითოეულ საერისთავოში ერთი საეპისკოპოსო მაინც არსებობდა. დიდ საერისთავოებში კი რამდენიმე ეპისკოპოსის სამწყსო იყო განთავსებული. საეპისკოპოსო ზოგჯერ მხოლოდ ერთი ქალაქით შემოიფარგლებოდა ხოლმე.

V ს. II ნახევარში ჩამოყალიბებული საეპისკოპოსოების რიცხვი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე უკვე გაორმაგებულია. ამის შემდეგ საქართველოს საეპისკოპოსოების გამრავლება, მათი ორგანიზაციული, იერარქიული წყობილების სრულყოფა, ეკონომიკური მდგომარეობა, იურიდიქცია და საზღვრები დაკავშირებული იყო ქვეყნის სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებასთან.

XI ს. დასაწყისიდან პოლიტიკურ გაერთიანებული საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი „კათოლიკოს-პატრიარქის“ წოდებით მოიხსენიება. იმჟამად ერთიან საეკლესიო ორგანიზმად შეკავშირებულ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების რიცხვი ხუთ ათეულსაც აღემატებოდა.

საქართველოში ადრიდანვე ეპარქიების საეპისკოპოსო კათედრები ზოგჯერ უკვე არსებულ დაწინაურებულ ეკლესიაში, ან მონასტერში ფუძნდებოდა (მცხეთის მთავარეპისკოპოსის - სამთავროში, ბოდბის წმინდა ნინოს საფლავის ეკლესიაზე, წუნდის, მანგლისის, მოგვიანებით შემოქმედის, ხონის, გელათის, ნიკორწმინდის და სხვ.), ან საგანგებოდ აგებდნენ მათთვის ეკლესიებს (ბოლნისში, ნიქოზში, ბედიაში, ჭყონდიდში, ქუთაისში და სხვ.). ზოგიერთი ეპარქიის სამწყსო-ტერიტორია ძალზე განვრცობილი იყო და ქვეყნის პოლიტიკურ საზღვრებსაც სცილდებოდა, მაგ. ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსოში შედიოდნენ ჩრდილო კავკასიაში მოსახლე ხალხები: დვალები, ოსები და სხვ.

XIII-XVIII სს-ში საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა და ამის კვალად, ეპარქიათა რაოდენობა დამოკიდებული იყო ქვეყნის შიდა ფაქტორებზსა და საგარეო ვითარებაზე. მონღოლების, ირან-ოსმალეთის, ჩრდილო-კავკასიელთა აგრესიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა დაუქცმაცებულობამ ეკლესიის დასუსტება და ეპარქიათა დაცარიელება გამოიწვია. ამ პერიოდში სამხრეთ საქართველოსა და ჰერეთის საქართველოდან განშორებამ, ჩრდილო კავკასიელი ტომების მასიურმა მოზღვავებამ, ადგილობრივი მოსახლეობის გამოდევნა და ათობით მართლმადიდებლური ეპარქიის გაუქმება გამოიწვია.

საქართველოს სამეფოებად და სამთავროებად დაყოფის შემდეგ სეპარატისტული მიდრეკილების დანერგვას ზოგჯერ ეკლესიაშიც ცდილობდნენ, მაგრამ ქვეყნის მთლიანობის და საეკლესიო განუყოფლობის მძლავრი ტენდენცია უზრუნველყოფდა საქართველოს საეკლესიო ერთიანობას. ქართველ მღვდელმთავართა დაუცხრომელი მამულიშვილური ღვაწლი ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთობას უყრიდა საფუძველს, მაგ. დოსითეოზ ქუთათელის და ექვთიმე გაენათელის სწრაფვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის და მათი აქტიური მონაწილეობით „ივერიელთა ერთობის ტრაქტატის“ შექმნა ყველა ქართველის სანუკვარი მიზნისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

ტრადიციულად, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქია სარწმუნოებრივი სიწმინდის, ეროვნული სიმტკიცის და ზნეობრივი სისპეტაკის დამცველს წარმოადგენდა (აღმსარებელი და მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმთავრები ყოველთვის მრავლად ჰყოლია საქართველოს. ბოლო პერიოდის მოღვაწეთაგან გამოირჩევიან წმინდა მღვდელმთავრები: გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, კირიონ საძაგლიშვილი, ამბოსი ხელაია, ნაზარ ლეჟავა და სხვ.).

საქართველოს ეკლესიის ისტორია გარკვეულწილად ქართველ მღვდელმთავართა მოღვაწეობის ასახვასაც გულისხმობს და ზუსტად  ესადაგება ცნობილ გამოთქმას ეკლესიისა და ეპისკოპოსის ერთიანობის შესახებ: „ეპისკოპოსნი - ეკლესიაშია, ეკლესია კი - ეპისკოპოსში“, ასევე „ეკლესიის სახე ეპისკოპოსია“ (ეგნატე ღმერთშემოსილი).

XIX ს. დასაწყისში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით სამ ათეულამდე ქართული ეპარქია დაიხურა. შეიცვალა ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციული მართვა-გამგეობა. აღმოსავლეთ საქართველოში 13 ეპარქიის ნაცვლად დარჩა ორი, დასავლეთ საქართველოში 12 ეპარქიიდან ჯერ სამი, შემდეგ კი - ერთი ეპარქია.

1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებულ 13 ეპარქიას მალე ორიც დაემატა, თუმცა 20-იან წლებში დაწყებული საეკლესიო გამო ქვეყნის ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული საეპარქიო მართვა-გამგეობა ათწლეულების განმავლობაში სრულყოფილად ვერ აღდგა. ბოლო პერიოდში ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიქ II ძალისხმევით დაიწყო გაუქმებულ ეპარქიათა თანდათანობითი აღდგენა. მის მიერ ნაკურთხი და ხელდასხმული მღვდელმთავრები განაგებდნენ მანამდე ნომინალურად არსებულ სამღვდელმთავროებს. თანმიმდევრულად მიმდინარეობს საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული: ქრისტიანული ხელოვნების, ხელსაქმის, სატაძრო ხუროთმოძღვრების, მინიატურული და მონუმენტური საეკლესიო ფერწერის, ხეზე და ქვაზე კვეთის, ჭედურობის, ქარგვის, გალობის, სასულიერო განათლების კერების მთარგმნელობითი ტრადიციის აღდგენა-განვითარება. ღვთის მადლით, ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება კვლავ აღესრულება. სულიერ საზრდოს მოკლებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი კვლავ ტრადიციულ საეკლესიო წიაღს უბრუნდება.

XX საუკუნის ბოლოს, 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით ეპარქიათა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 2002 წლის 17 ოქტომბერს კი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიათა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

დღეს ეპარქიათა რაოდენობა 37-ს შეადგენს:

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა(მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II. კათედრა და რეზიდენცია მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში.

2. ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები) - მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.

3. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია (ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი) - მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.

4. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქ. ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები) - მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). კათედრა ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

5. ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია (ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონები) - მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). კათედრა ბათუმში, რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში.

6. ბოდბის ეპარქია (ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბეში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.

7. ბოლნისის ეპარქია (ქ. ბოლნისი, ბოლნისის რაიონი) - ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). კათედრა და რეზიდენცია ბოლნისში.

8. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქ. ბორჯომი და ბორჯომის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში.

9. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია - ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში.

10. დმანისის ეპარქია - ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). კათედრა და რეზიდენცია დმანისში.

11. ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია). კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.

12. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი. ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) - მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

13. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია - მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.

14. მანგლისისა და წალკის ეპარქია (ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები) - მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.

15. მარგვეთის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი). კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონსა და ხარაგაულში.

16. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ქ. მესტია და მესტიის რაიონი) - ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.

17. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო) - მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელში, ლაგოდეხსა და კახში.

18. ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.

19. ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია - ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). კათედრა და რეზიდენცია ნინოწმინდასა და საგარეჯოში.

20. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები) - მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში.

21. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია (ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი) - მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.

22. სამთავისისა და გორის ეპარქია (ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია სამთავისში, გორსა და კასპში.

23. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია - ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.

24. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ქ. ყაზბეგი და ყაზბეგის რაიონი) - ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). კათედრა და რეზიდენცია ყაზბეგში.

25. სხალთის ეპარქია (ქედას, შუახევისა და ხულოს რაიონები) - ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე). კათედრა და რეზიდენცია სხალთაში.

26. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქ. ტყიბული, ტყიბულისა და თერჯოლის რაიონები) - მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე). კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია თერჯოლასა და ტყიბულში.

27. ურბნისისა და რუისის ეპარქია (ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები) - მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

28. ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) - მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.

29. ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, წყალტუბოს რაიონი) - მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.

30. შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები) - მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

31. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის რაიონები) - ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.

32. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გუდაუთა, ქ. გალი, ქ. გაგრა, სოხუმის, გალის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები) - მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა სოხუმსა და ახალ ათონში, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.

33. წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, ქ. თიანეთი, დუშეთისა და თიანეთის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.

34. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები) - დროებით მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.

35. ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშისა და ჩხოროწყუს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილსა და აბაშაში.

36. ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.

37. დასავლეთ ევროპის ეპარქია - მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).


თქვენი კომენტარი

აღწერა:
შეიყვანე კოდი > :


ავტორიზაცია
რეკლამა

სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მეგობრები
wWw.Geofox.tk
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!
შენი საიტი აქ!

Copyright © 2008-2009
Designe By Tornike |